2014-05-12

ლატალის საზოგადოების საერთო კრების დადგენილება

      სვანეთი 11.05.14 წ.
          უფლის ნებით, სვანეთში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან  გამომდინარე შევიყარეთ, ვიმსჯელეთ და  დავადგინეთ: 
·         ცნობად იქნას მიღებული, რომ ეგრეთ წოდებული უცხოელი ინვესტორების, კერძოდ „ტრანსელექტრიკა“-ს გადაწყვეტილი აქვს ხაიშის თემის მოსახლეობის გადასახლება და ხუდონჰესის აშენება. სპეციალისტების მიერ დამტკიცებულია, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოს ენერგეტიკას და მის ეკონომიკას, არავითარ მოგებას არ მოუტანს. აშენების შემდგომ აშკარად ჩანს, რომ მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის გამო დატბორვის შედეგად გადასახლება მოუწევთ ჭუბერისა და იდლიანის თემებსაც. 
·         მთავრობის განცხადებებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალსი სვანეთში მოსალოდნელია 14 ჰესის აშენება, მათ შორის: მაღალკაშხლიანი ტობარი, ფარი და ლატალჰესების. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში სვანეთის მოსახლეობის 70% იძულებული გახდება გადასახლდეს. უკვე არავისთვის აღარ არის საიდუმლო ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ დაიწყო და დღესაც გრძელდება სვანეთის ოქროს და სხვა წიაღისეული მარაგების (მათ შორის ურანის) ძიება და მოპოვებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. თეთნულდის მიმართულებით ზამთრის სპორტული კომპლექსის აშენების საბაბით, ისეთი მძლავრი ელექტროგადაცემის ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა, რომელთა საჭიროება ამ მიზნით არავითარ გონივრულ აზრს არ ეფუძნება. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებათა განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელია:
§  სვანეთის ულამაზესი ბუნების განადგურება;
§  კლიმატის ცვლილება;
§  ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობების მოსპობა;
§  მიწის ქვეშა და მიწის ზედა კულტურული მემკვიდრეობის (როგორც მატერიალური, ასევე სულიერი) გაქრობა;  
§  სვანური ენის და ადათ-წესების დაკარგვა;
§  მამა-პაპათა საფლავების, ეკლესიების, კოშკების და მაჩუბების ნგრევა და საერთოდ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის შემქმნელი ფენომენის -  სვანური გენეტიკის განადგურება.
გარდა ამისა, რუსეთ - საქართველოს შორის საბჭოთა „კაკებეს“ აგენტურის მიერ მოწყობილი დაპირისპირების გამო, სვანეთმა განიცადა უდიდესი დანაკარგი. ხელოვნურად ჩამოგვაჭრეს ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი მხარე - დალის ხეობა, სადაც დღეს სვანებიდან თუ ვინმე ცხოვრობს, განიცდის დიდ სიდუხჭირეს და დისკრიმინაციას. მათ ხმის ამოღების უფლება არ ააქვთ.
     ვინმე და მათ შორის საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა გვაძლევს კი გარანტიას, რომ უახლოეს მომავალში ზემო და ქვემო სვანეთში, იგივე არ განმეორდება? ნუთუ ვინმესთვის გაუგებარია, რომ რუსეთის მუდმივი ოცნება იყო და არის ბოლომდე დაიპყროს კავკასია.
450 კმ. მონაკვეთი, (ჩხალთის ქედიდან დუალეთამდე) სვანეთის ისტორიული საზღვრია, სწორედ ამ საზღვრების ხელში ჩაგდებაზეა ბრძოლა.
მოსახლეობის გადასახლების და საკუთრების ხელში ჩაგდების საუკეთესო საშუალებაა დიდი წყალსაცავების მშენებლობა, მიწების, ტყეების და წიაღისეულის გასხვისება.
       მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გაერთიანება ოცნება, რომელიც ხელისუფლებაში ჩვენი სისხლის და ყოველდღიური ბრძოლის ხარჯზე მოვიდა, დღემდე არ არასრულებს დანაპირებს, კერძოდ: არ აღადგინა სამართლიანობა, ქვეყანა კვლავ აღებ-მიცემობისა და ცალკეული პიროვნებების გავლენის ქვეშ იმყოფება. დღემდე სანდრო გირგვლიანის და მისი უბრწყინვალესი დედის, სხვათა შვილების გადამრჩენელის, უშიშარი მებრძოლის ირინა ენუქიძის და სხვა უმანკო ახალგაზრდების (ცინდელიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის) მკვლელები არ დასჯილან. საქართველოში და საზღვარგარეთ მშვიდად დასეირნობენ ეცერის, მეთორმეტე საუკუნის საფლავების შემბილწველები. სამაგიეროდ დღემდე მუდმივი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოს ენერგეტიკაში ერთ-ერთ დიდ სპეციალისტს, უდანაშაულო პიროვნებას გიორგი გვიჩიანს, რომლის გამოც უდროოდ სიცოცხლეს გამოესალმა მამამისი - ლატალის საამაყო შვილი მათე გვიჩიანი. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. სვანებს ყოველივე ამაზე დღემდე გვსაყვედურებენ, ხმის ამოუღებლობას და სილაჩრეს გვაბრალებენ. დღეს ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არასოდეს უსამართლობას არ ვაპატიებთ. თუ ჩვენ გავწყდებით შვილებს და შვილიშვილებს დაუბარებთ, რომ ჩვენი და ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწა არავის დაუთმონ, უსამართლობა არ დაუშვან, მოძალადე და მზაკვარი ახლოს არ გაიკარონ, ყოველივე ამის მოწამე ლატალის მაცხოვარი და სვანეთის ეკლესია მონასტრები არიან.
ზემოთქმულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:                              
·         საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ ყოველივე ამაზე სრულფასოვანი პასუხი გაგვცეს, კერძოდ:
o   მიიღოს დადგენილება სვანეთში ბუნების და მოსახლეობისთვის მავნე, ნებისმიერი პრეოექტისა და მშენებლობის შეჩერების სესახებ.
o   გამოიძიოს და დასაჯოს ის პიროვნებები, თუ ჯგუფები,  რომლებიც სვანეთის და სვანების განადგურებას და გაქრობას ცდილობენ.         
o   სვანეთი, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, თავისი ისტორიული საზღვრების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, გამოცხადდეს ნაკრძალად.                     

·          მივმართავთ: საქართველოს პატრიარქს ილია II -ს, საქართველოს მოწინავე საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ბუნების და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, თვითოეულ სვანს (ვისთვისაც სულერთია არ არის სვანეთის ყოფნა არ ყოფნა) ერთად დავიცვათ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე - სვანეთი. 






Комментариев нет:

Отправить комментарий