2013-02-19


წერილი მომზადდა მიმდინარე პროექტის "ტყის კანონიერი მართვის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე" ფარგლებში:



საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრს
ქალბატონ ხათუნა გოგალაძეს
გურამ თიკანაძის სახ. სვანეთის ახალგაზრდული
ცენტრი -ს გამგეობის წევრი გიგლა ფარჯიანი


ქალბატონ ხათუნა,  
მოგახსენებთ, რომ პროექტის „ტყის კანონიერი მართვის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე“. საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირების და  სამოქალაქო საზოგადოების  განვითარება (G-PAC).  USAID.   ფარგლებში გ.თიკანაძის სახ. სვანეთის ახალგაზრდული ცენტრის მიერ სამეგრელო ზემო სვანეთში (ლატალის, დაბა მესტიის და ლენჯერის ტერიტორიაზე) განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა ტყის მართვის სფეროში არსებული პრობლემებთან დაკავშირებით.
პროექტის მსვლელობისას კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
ბენეფიციარების უმრავლესობას არ გააჩნიათ ინფორმაცია სატყეო სექტორში მომდინარე რეფორმების შესახებ. გამოკითხულთა უმრავლესობას არ უსარგებლია და არც სარგებლობს სოციალური ჭრებით, არ გააჩნიათ ინფორმაცია სოციალური ჭრების შესახებ და არ იციან რა უფლებები და შესაძლებლობები გააჩნიათ  ამ კუთხით. შესაბამისად ბენეფიციარების უმრავლესობას არ მიუღია სოციალური ჭრების ფარგლებში საშეშე  და სამასალე მერქანი. გამოკითხულთა უმრავლესობას არ გააჩნია ინფორმაცია სოციალური ჭრების ფარგლებში სამასალე მერქნის მოპოვების  პროცედურასთან დაკავშირებით და შესაბამისად არ მიუღია სოციალური ჭრების ფარგლებში სამასალე მერქანი.  მოსახლეობის უმრავლესობისათვის ხელმისაწვდომი არ არის სამასალე მერქნის კანონიერად  დამზადება/შეძენა, მაშინ როცა ეს პრობლემები არ დგას  პრივილეგირებული  კერძო კომპანიების წინაშე.
სვანეთში გათბობის ერთად-ერთი წყარო შეშაა, რომლის შეძენის დროს მოსახლეობა ხშირად ექმნება პრობლემები. ბენეფიციარები აღნიშნავენ, რომ შეშის შეძენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.  მოსახლეობის განცხადებით კერძო პირებისაგან ადგილზე შეძენილი 1 მანქანა შეშა 500-800 ლარი ღირს. იგივე პრობლემა ექმნებათ კერძო სასტუმროების მფლობელებს, რომლებიც მხოლოდ ზამთრის სეზონზე მოიხმარენ  20მ3 დან 30 მ3 შეშას.
ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად ექმნება შეშის მომარაგება/შეძენის  პრობლემები ზამთრის პერიოდში, მათ შორის სოციალური ჭრების ფარგლებშიც. პრობლემებია ტყეკაფის გამოყოფასა და ხის დანომრის დროს,  ხელმისაწვდომი არ არის  დანომრილი ხის მოპოვება (გზა, ტრანპორტირება და ა.შ.),  მოსახლეობას ხშირად ხეებს უნომრავენ ისეთ ადგილებში, რომელიც მიუდგომელია და ძალიან ჭირს იქიდან ხე-ტყის გამოტანა - განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. აგრეთვე შეშის მომარაგების/ შეძენის დროს ხელმისაწვდომი  არ არის ადგილობრივი სატყეო სამსახურების მომსახურეობა და ამიტომ ნაკლებ ოპერატიულია იგი; ზემოაღნიშნული პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ სოფელში არ ჰყავთ საჭირო რაოდენობით ბუნებრივი რესურსების სააგენტოს   წარმომადგენელი და ხშირად ძნელია დაკავშირება მეტყევესთან (ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მთავარი წარმომადგენელი, რომელსაც ევალება ტყეკაფების  დანომრვა  ცხოვრობს  ხაიშში),  რადგან ის ტერიტორიულად შორს არის მათგან.
სკოლებსა და ბაგა-ბაღებს ხშირად ექმნებათ შეშის მომარაგება/შეძენის  პრობლემები ზამთრის პერიოდში. სკოლებისა და ბაგა-ბაღების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პრობლემები ვერ გადაწყვიტა განხორციელებულმა სოციალური ჭრებმაც.  განსაკუთრებული პრობლემებია ბაგა-ბაღების შეშით მომარაგების კუთხით სოციალური ჭრების ფარგლებში, რადგან ტყითსარგებლობის წესი და სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტები ვერ უზრუნველყოფენ სწრაფად და ბიუროკრატიის გარეშე მოგვარდეს ბაგა-ბაღების შეშით მომარაგების საკითხი. შედეგად ბაგა-ბაღების თანამშრომლებსა და მშობლებს უწევთ საკუთარი ძალებით უზრუნველყონ გათბობა ბაგა-ბაღში. 
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო ზოგჯერ  მოსახლეობის მიერ საშეშე და სამასალე მერქნის მოპოვება ხორციელდება უნებართვოდ. შედეგად, ხშირი და მაღალია ხე-ტყის უნებართვოდ მოპოვებისას არსებული საჯარიმო სანქციები.
ხე-ტყის მწარმოებელ ადგილობრივ მცირე მეწარმეებს ექმნებათ სირთულეები ხე-ტყის დამზადების სპეციალური  ლიცენზიის მოპოვებისას. ხე-ტყის მწარმოებელი ადგილობრივი მცირე მეწარმეები ვერ ახერხებენ ხე-ტყის დამზადების სპეციალური  ლიცენზიის მოპოვებას, რადგან  აუქციონზე გააქვთ  ტყის დიდი მასივები დიდ ლოტებად და ეს  მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. ბენეფიციართა უმრალესობის განცხადებით მათ პირადი საჭიროებისათვის (სახლის მშენებლობა, რემონტი) ესაჭიროებათ სამასალე  მერქანი, მაგრამ მისი კანონიერი შეძენა ადგილზე ვერ ხერხდება. კერძო ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადებით  ზემოაღნიშნული პრობლემა წარმოიქმნა იმის გამო, რომ ხე-ტყის წარმოებით დაკავებულ ადგილობრივ მეწარმეებს არ გააჩნიათ სამასალე მერქნის მოპოვების სპეციალური ლიცენზია და შესაბამისად ადგილზე  არ იყიდება სამასალე მერქანი. ბენეფიციარები გამოკითხვისას აღნიშნავდნენ, რომ მხოლოდ ლატალში 20 სახერხს შეუძლია რეალურად მუშაობა, ხალხის დასაქმება, რაც ადგილზე შეშის და სამასალე მერქნის ფასის გაიაფებას გამოიწვევს. დღეისათვის კი არსებული სახერხების უმრავლესობა ვერ მუშაობს არსებული პრობლემების გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროდ მიგვაჩნია განხორციელდეს:
  • ხე-ტყის რაციონალურად გამოყენებისათვის ტყის მართვაში მონაწილე  ყველა სექტორის, დაინტერესებული მხარეების როლის გაძლიერება;
  • მოსახლეობის და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა ჩართულობის ზრდა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაში;
  • სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმების, ახლად მიღებული კანონებისა და ნორმატიული აქტების შესახებ მოსახლეობის, ტყითმოსარგებლეთა ინფორმირების და მათი ჩართულობის ზრდა;
  •  ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რეგიონულდა ადგილობრივი სამსახურების    დახმარებით ხელსაყრელი პირობების შექმნა, რათა კანონიერად და დროულად მოიპოვონ ბენეფიციარებმა სოციალური ჭრების ფარგლებში  საშეშე და სამასალე მერქანი;
  • ეთხოვოს  ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რეგიონულ სამსახურს  გაზარდოს ბენეფიციართა ინფორმირებულობა სოციალური ჭრების კუთხით;
  • ეთხოვოს  ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რეგიონულ სამსახურს  ხელმისაწვდომი გახადოს   დანომრილი ხეებთან მისვლა და ტრანსპორტირება;
  • ეთხოვოს  ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რეგიონულ სამსახურს  ხელმისაწვდომი გახადოს ყველა სოფელში   მათი წარმომადგენლის  (ხის დანომრა, ბენეფიციართა ინფორმირებულობა და ა.შ.)  მომსახურეობა და განახორციელოს მათი რაოდენობის ზრდა;
  • რეკომენდირებულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი მცირე ლოტებად გამოტანა აუქციონზე ხე-ტყის მწარმოებელი ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელისშეწყობის მიზნით; 
  • სოციალური ჭრების ფარგლებში მოპოვებული ხე-ტყის დახერხვა რეკომენდირებულია განხორციელდეს ადგილობრივ სახერხებში, რაც გააიაფებს საშეშე და სამასალე მერქნის ფასს, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გაზრდის შემოსავლებს ბიუჯეტში, ხელს შეუწყობს ადგილობრივ მცირე მეწარმეებს. 
გთხოვთ გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები და ზემოაღნიშნული პრობლემები გათვალისწინებულ იქნას საკანონმდებლო მუშაობისას, რათა ისინი დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე. ეს კი ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად ჩაერთოს  ტყის მდგრად მართვაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий